კიბერუსაფრთხოების სფეროში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის, CrowdStrike-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით IT სისტემების მნიშვნელოვანი შეფერხების მიზეზი იპოვეს და ხარვეზი გამოასწორეს.
ამის შესახებ Crowdstrike-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯორჯ კურცმაც ისაუბრა.
"Crowdstrike აქტიურად მუშაობს მომხმარებლებთან, რომლებიც დაზარალდნენ. ეს არ იყო უსაფრთხოების დეფექტი ან კიბერშეტევა. პრობლემა იდენტიფიცირებული, იზოლირებული და გამოსწორებულია", - განაცხადა მან.
როგორც ცნობილია, შეფერხების უკან Crowdstrike-ის პროგრამული უზრუნველყოფის განახლება დგას.
კიბერსისტემის გლობალური შეფერხება ბევრ სფეროს შეეხო: ავიაკომპანიებმა რეისები გააუქმეს, ზოგიერთი მაუწყებელი ეთერიდან გაითიშა, სისტემური პრობლემა საბანკო და ჯანდაცვის სფეროებსაც შეეხო.
კიბერ ინციდენტის გამო შეფერხდა ლონდონის საფონდო ბირჟა. პრობლემა შეექმნა აშშ-სა და კანადის ტერიტორიაზე სასწრაფო დახმარების მუშაობას. ბრიტანული არხი Sky News პირდაპირ ეთერში ვერ გავიდა.